უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი თბილისში დაბრუნდა

უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი თბილისში დაბრუნდა

დიდთოვლობისა და გზაზე ჩამოწოლილი ზვავების გამო უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი წუხელ გვიან ღამით მესტიაში ჩაიყვანეს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მათი ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის დახმარებით გახდა შესაძლებელი. მათთან ერთად იმყოფებოდა მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. 

კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უწევდა, რომელმაც პრობლემურ მონაკვეთზე დამატებითი ტექნიკა გააგზავნა. პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოები გაუჭირდა. გარდა ამისა, 9 ადგილას ზვავი ჩამოწვა რამაც სამუშაოები გაართულა.

"ცუდია, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოსდა უშგულში ჩარჩენილ გადამღებ ჯგუფს საკვები და მედიკამენტები არ ჰქონდათ და იყინებოდნენ. არადა ისინი უშგულის ყველაზე კარგ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები, არც საკვების პრობლემა ჰქონდათ და არც წამლების. მედიკამენტები მათ ჩვენც გავუგზავნეთ და სასაზღვრო პოლიციამაც მიუტანა. გარდა ამისა, არასწორია ინფორმაცია, თითქოს გადამღები ჯგუფის ყველა წევრი ავად იყო, არადა მხოლოდ გადამღები ჯგუფის ერთი წევრი არის გაციებული", - განაცხადა მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. 

გადამღები ჯგუფის წევრები გუშინვე თბილისში დაბრუნდნენ.