გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საათი მიმდინარეობდა 28 იანვარს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების საჩივრების განხილვა.
საოლქო საარჩევნო კომისიამ საიას, "სამართლიანი არჩევნების", "მომავლის არჩევანის", "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი ზონისა" და ,,რეფორმატორთა კლუბის" საჩივრები განიხილა.
მთლიანობაში საოლქო საარჩევნო კომისიაში 32 საჩივრის განხილვა მოხდა. კომისიამ საჩივართა ნაწილი დააკმაყოფილა, 12 კი, უსაფუძვლობის გამო განუხილველად დატოვა.
,,საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა არჩევნების მიმდინარეობისას ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევებს. რამდენიმე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და მდივანს დაფიქსირებული დარღვევების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, მიეცემათ შენიშვნა და გამოეცხადებათ საყვედური. დღესვე მოხდა 4 გადასატანი ყუთის გახსნა და ხმების დათვლა საოლქო კომისიის მიერ. #52, #54, #59 და 23-ე საარჩევნო უბნებზე კომისიამ გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობაში ეჭვი შეიტანა და ხმები უბანზე არ დაითვალა. საოლქოში მოტანილი გადასატანი ყუთები დღეს დავითვალეთ. სამი უბნის გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ხმები დაემატება საარჩევნო უბნების შედეგებს. კომისიამ იმსჯელა და ბათილად სცნო მხოლოდ #59 უბნის გადასატანი ყუთში არსებული ბიულეტენები," - განაცხადა გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ბუდაღაშვილმა.