თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მისცეს საშუალება, საკუთარი უკანონო ქმედების გამო, ქართულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენოს.
„ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მივცე საშუალება, საკუთარი უკანონო ქმედების გამო, ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი მოქმედების გამო შეურაცხყოფა მიაყენოს იმ უზარმაზარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქართული ჯარის სახით; იმ გმირობის ისტორიებს, გარდაცვლილებს, სხვადასხვა მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებითაც ამაყობს ქართული სახელმწიფო“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის წამყვანის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის შესახებ დასმულ შეკითხვას.
თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ ანგარიშში გამოთქმული ვარაუდები დადასტურდა, დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ამით საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.
„ერთი კვირაა მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ჭეშმარიტების დადგენას. სამწუხაროა, რომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარიატმა აქამდე არ გვაცნობა ეს ფაქტი, მაშინვე, როცა მათთვის გახდა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, დროის ამ პერიოდში ჩვენ რომ ეს ინფორმაცია გვცოდნოდა, სიმართლის დადგენა არ იქნებოდა რთული და დღეს თუ ვინმეს მცდარი წარმოდგენები შეექმნა - ამისგან მაინც დავიზღვევდით თავს, თუ ვინმე დასასჯელია, დასჯილი გვეყოლებოდა. ჩემთვის პირადად, ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას შევალიე უპრინციპულესია, რომ ასეთი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდეს.
თინა ხიდაშელის განმარტებით, ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაზაფხულზე გავრცელებული მსგავსი განცხადება იოლად გაირკვა, რადგან იმ დროს მითითებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.