თუკი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა არ დადასტურდება, ქართული მხარე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუკი დანაშაული დადასტურდება, კანონმდებლობის წინაშე ყველა პასუხს აგებს.
"პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ, მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზოგადად საერთაშორისო მისიებში, ყველა ქვეყნის მხრიდან, მსგავსი ფაქტები არის, ამიტომ ჩვენთვის ეს მწარე შემთხვევა და გამოცდილება უნდა იყოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ პრევენციულად უფრო მეტი ვიმუშაოთ პირად შემადგენლობასთან, რადგან მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ჩვენი ჯარისკაცის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით გენშტაბს აქვს მითითება, რომ მაქსიმალურად იმუშაობ პირად შემადგენლობასთან.
შეკითხვაზე, ხომ არ გააფუჭებს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და მისი პარტნიორის ურთიერთობას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ასე არ არის.
"ურთიერთობის გაფუჭება პარტნიორთან, დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური დანაშაულის ეჭვი. თუ ეს დადასტურდა, კანონმდებლობის მიხედვით პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ არ დადასტურდა, ასევე ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.