პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი ისურვებდა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იყოს. ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"გიორგი კვირიკაშვილი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კოალიციის საარჩევნო სიაში ნომერ პირველი. ეს არის ჩემი აზრი. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა ვისურვებდი, რომ ნომერ პირველი იყოს გიორგი კვირიკაშვილი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინონ.