პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, აფრიკაში ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
როგორც პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გადაცემა „მოამბეში“ აღნიშნა, საქართველოს მხარე მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან.
„კონკრეტული მტკიცებულებები ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია. ასევე არ გაგვაჩნია დეტალური ინფორმაცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მოხსენება, რომელიც გაავრცელა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. მოვიძიოთ დამატებითი ფაქტობრივი მასალა იმისათვის, რომ ჩვენც ეფექტურად ვაწარმოოთ ეს გამოძიება“,- განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
მისი განმარტებით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საქმეზე, ქართულმა მხარემ გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო და არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში გამოძიების წარმოების მიზნით კონკრეტული პირები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც ჩავიდნენ.
„რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენი ექსპერტებიც და ჩვენი გამომძიებლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩავიდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა პირებს და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ამ საქმესთან. ჩვენც მზად ვართ, ველოდებით ნებისმიერ ექსპერტს, ნებისმიერი ორგანიზაციის და ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ჩამოვა და ითანამშრომლებს ჩვენთან. ორგანიზაციების და წარმომადგენლების წრე, რომლებსაც შეუძლიათ მოგვაწოდონ დამატებითი ინფორმაცია და ფაქტობრივი მასალა, არის საკმაოდ ფართო და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს, რომელიც იმ პერიოდში კურირებდა საერთაშორისო ოპერაციებს და საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებით მომუშავე სამხედრო პოლიციის ზოგიერთ თანამშრომელს.