"თუ ქართველი ჯარისკაცი დამნაშავეა, უნდა იცოდეს საზოგადოებამ"

პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძის განცხადებით, თუ ქართველი ჯარისკაცი დამნაშავეა, უნდა იცოდეს საზოგადოებამ და შეიარაღებულმა ძალებმა.

როგორც პოლკოვნიკმა გადაცემა „პრიორიტეტებში“ აღნიშნა, თუ რომელიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, მას ხელი არ დაეფარება.

„ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ირიბად ან პირდაპირ ეჭვის ქვეშ აყენებს ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციას, ჩვენთვის უკვე საფუძველია, რომ დავიწყოთ გამოძიება, რადგან, თუ ქართველი ჯარისკაცი არის დამნაშავე, უნდა იცოდეს საზოგადოებამ და შეიარაღებულმა ძალებმა, რომ ჩვენ დამნაშავეებს ხელს არ ვაფარებთ და თუ უდანაშაულოა, საზოგადოებამ ამაზეც უნდა მიიღოს ინფორმაცია“,- განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

პოლკოვნიკმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა და საქმის გამოძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, უდანაშაულო უდანაშაულო უნდა იყოს, დამნაშავე უნდა დასაჯოს. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით იქ რა მოხდა, ისევ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყება თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად ღიაა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და გამოძიების შედეგებზე თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.