პანკისში, სოფელ დიუსში, კულტურის სახლში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის და პანკისელი მოსახლეობის შეხვედრა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, თითქოს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" საქართველოში, პანკისის ხეობის ტერიტორიას წვრთვნებისთვის იყენებს, შეუძლია თავად ჩამოვიდეს პანკისში.
„მე ვარ პანკისის ხეობაში და ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ როგორი სიმშვიდეა აქ. აქაური მაცხოვრებლების თქმით, ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, ალბათ სხვა ადგილებში ნაკლებად არის“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან და ელჩებთან ერთად პანკისში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილიც იმყოფებიან.