მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახის წევრებითვის ცნობილი არაა.
როგორც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს, მანქანაში გუშინ აღმოჩენილი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებულია ბიძინა კუჭავას სახელზე, ასევე მას ეკუთვნის ის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა.
"17 იანვარს, დღის საათებში, ცაგარელის ქუჩაზე აღმოჩენილი იქნა კუჭავას ა/მანქანა. აღმოჩენისთანავე ადგილზე მივიდნენ გამომძებლები და ექსპერტკრიმინალისტები. შესაბამისი ოქმით დაფიქსირდა ავტომანქანის მდგომარეობა, მანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში, სპეციალური საშუალებით მოხდა მისი გაღება, დასურათდა და მოხდა მისი პირველადი დათვალიერება, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა სპეც სადგომზე. გუშინ გამომძიებლების, ექსპერტების, კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის მონაწილეობით მანქანას მოეხსნა ლუქი და დათვალიერდა დეტალურად. აღებული იქნა მიკრონაწილაკები, სხვადსახვა ბიოლოგიური ნიმუშები. სავარძლის ქვემოთ, თვალისგან ფარულ ადგილას ჩიხოლის ქვეშ ნანახი იქნა ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის მარკის იარაღი. ამოღებული ნივთები ცალკე დაილუქა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო მანქანა კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის თანდასწრებით დაილუქა და დგას სპეციალურ სადგომზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მანქანაში აღმოჩენილი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებულია ბიძინა კუჭავას სახელზე, ასევე მას ეკუთვნის ის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა. გარდა ამისა, ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახის წევრებითვის, ამ დროისთვის ცნობილი არაა",- აცხადებს ნათია სუხიაშვილი.