თურქულმა კომპანიამ, მძღოლების პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

თურქულმა კომპანიამ, მძღოლების პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

მძღოლების აქციის მიუხედავად, თურქულმა სატრანსპორტო კომპანიამ ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზუგდიდში, დღეს, მორიგი საპროტესტო აქცია ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამართეს. ისინი ადგილობრივ ბაზარზე თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიუსის" შესვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის მუშაობის შემთხვევაში, ყველა მათგანი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება.

"სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ? ეს ავტობუსები დაგვაკარგინებენ კლიენტებს და ლუკმა-პურის გარეშე დავრჩებით. არ დავიშლებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"მეტრო პლიუსის" პირველი რეისი კი ზუგდიდის ავტოსადგურიდან სამართალდამცველების დახმარებით მაინც გავიდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მომხმარებელს მეტ კომფორტს სთავაზობენ.

აქციაზე მივიდა შპს "ავტოსადგურის" ერთ-ერთი მეწილეც, რომლის მტკიცებით, 21 მეწილედან 18-ს "მეტრო პლიუსთან" ხელშეკრულებაზე ხელი არა მოუწერია. მისივე თქმით, სამართლებრივი მეწილეები ბრძოლას დაიწყებენ.

აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერიის წარმომადგენელიც, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით "ინტერპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ "ეს არის ორ კომპანიას შორის დავა, რომელშიც მერია არ ერევა". კითხვაზე, თუ რატომ იყო მათი წარმომადგენელი აქციაზე, უწყებაში განმარტეს, რომ ის როგორც მოქალაქე ისე იმყოფებოდა.