ევროკავშირი, საქართველო და საფრანგეთი სამხედროების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტებს იძიებს

ევროკავშირი, საქართველო და საფრანგეთი სამხედროების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტებს იძიებს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისმყოფელების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს "სიბიეს ნიუსი". ამერიკული მედიის ცნობით, ევროკავშირი, საქართველო, საფრანგეთი და კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც არ ასახელებენ, სამხედროების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტებს იძიებს. სტატიაში მოყვანილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულის დეტალებში გამოძიება მოხდება და თუ დადასტურდება ქართველი სამხედროების მხრიდან დანაშაული, ისინი დაისჯებიან.

ამავე თემაზე სტატიას სათაურით "ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისმყოფელები სექსუალურ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილები" აქვეყნებს "ნიუ იორკ თაიმსი".

"ფაქტები 2014 და 2015 წლებში მოხდა და მასში სამხედროები საქართველოდან და სხვა ევროპული ქვეყნიდან იყვნენ ჩართულები, ამის შესახებ გამოძიებას გოგონებმა აცნობეს. ამას გარდა, გაეროს ადამიანის უფლებადამცველების ცნობით, 7 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა ამბობს, რომ მათ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა ორალური სექსისთვის გადაუხადეს და მათ იციან სხვა ბავშვებიც, რომლებიც ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან არაერთხელ გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".

"ფოქს ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი აღნიშნულია, რომ გაერო-ს მონაცემებით, ორგანიზაციის სამხედროების მიმართ მსგავსი სახის ბრალდებები მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ერთი წლის განმავლობაში 69-ს აღწევს. სტატიაში მოყვანილია, გაეროს წარმომადგენლის ენტონი ბერბერის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ 2015 წელს გაეროს იმ მშვიდობისმყოფელების მონაწილეობით, რომლებიც MINUSCA-ს მისიის ფარგლებში მსახურობენ, სექსუალური ექსპლუატაციის 22 შემთხვევა იყო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შემთხვევების გარდა, სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით იკლებს.

ხოლო როგორც "ფრანს 24" წერს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპელი სამხედროების მიერ არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ბრალდებებმა მღელვარება გამოიწვია. გამოცემის ცნობით, გაერო მსგავს ფაქტებს აგროვებს, ხოლო გამოძიება და დამნაშავეების დასჯაზე პასუხისმგებელი თავად მონაწილე ქვეყნები არიან.

როგორც "ფრანს 24"-ის სტატიაშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვერ აკონკრეტებს ზუსტად რამდენი სამხედრო მონაწილეობდა სექსუალური ძალადობის ფაქტებში.

სამხედროების მიმართ ბრალდებების შესახებ წერს "ალ-ჯაზირაც". როგორც სტატიის ავტორი ამბობს, "ალ-ჯაზირას" წყარომ აცნობა, რომ სექსუალური სახის ძალადობაში მაროკოელი, ნიგერი, ბანგლადეშელი და კონგოელი სამხედროები და სენეგალელი პოლიციის ოფიცერიც მონაწილეობდა. თავად გაერო-ს კი სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროვებია.