ეკუთვნის თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მესამე დნმ-ის კვალი ფირცხალავას ან ცააძეს, ორ კვირაში გახდება ცნობილი

ეკუთვნის თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მესამე დნმ-ის კვალი ფირცხალავას ან ცააძეს, ორ კვირაში გახდება ცნობილი

ეკუთვნის თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მესამე დნმ-ის კვალი ირაკლი ფირცხალავას ან გიორგი ცააძეს, ორ კვირაში გახდება ცნობილი. 

ე.წ. მატროსოვის ციხეში ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავასთან და გიორგი ცააძესთან გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებოდნენ. ფირცხალავამ და ცააძემ ადვოკატის თანდასწრებით გამომძიებლებს დნმ-ის ნიმუში ჩააბარეს. გამომძიებლები აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მათთან სასამართლოს განჩინებით შევიდნენ. 

როგორც ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, გამოძიება მუშაობს იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მკვლელების, დამკვეთებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და დნმ-ის ნიმუშების აღება სწორედ აღნიშნულ გამოძიებას უკავშირდება. მან განმარტა, რომ ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები უნდა შედარდეს ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე ამოღებულ ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის მესამე კვალს, რომლის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. 

ასევე, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად გიორგი ლომთაძემ განმარტა, რომ მესამე კვალი იური ვაზაგაშვილს არ ეკუთვნის. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ირაკლი ფირცხალავას დნმ-ის ნიმუშის შედარება მესამე კვალთან ერთი წლის წინ, მაშინ, როდესაც ირაკლი ფირცხალავა დაკითხეს, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობდა და გამოძიებას დღეს აქვს იმის საფუძველი, რომ ჩაატაროს დნმ-ის კვლების შედარების მოქმედება. 

ასევე, შეკითხვაზე - არსებობს თუ არა შესაძლებლობა ცააძეს ან ფირცხალავას ვაზაგაშვილის მკვლელობის დანაშაულთან კავშირი ჰქონდეთ, გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება დნმ-ის ნიმუშების შედარებით შემოიფარგლება.

ამასთან, კომენტარი მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა მალხაზ ველიჯანაშვილმაც. ფირცხალავასა და ცააძის ადვოკატი იმედოვნებს, რომ დნმ-ის ნიმუშების შედარება ობიექტურად მოხდება და დაიდება ობიექტური დასკვნა, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულწილად დნმ-ის ნიმუშის გაყალბება შესაძლებელი იყოს პროკურატურის მხრიდან. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ დნმ-ის კვალის შედარების შედეგები დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი. 

მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, ცააძე და ფირცხალავა ამ ეტაპზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსს ატარებენ. ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წინა შემთხვევაში ცააძემ და ფირცხალავამ დნმ-ის ნიმუშების აღებაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ არ არსებობდა ამ საგამოძიებო ღონისძიებაზე სასამართლოს განჩინება. დღეს კი, მისი თქმით, გამომძიებლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განჩინებით შევიდნენ, სადაც მითითებული იყო, რას უნდა შეადარონ ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები.