საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთაგან ორი ქალია, ერთი კი 20 წლამდე ასაკის მამაკაცი

საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთაგან ორი ქალია, ერთი კი 20 წლამდე ასაკის მამაკაცი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ თურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ორი ქალბატონია, ხოლო ერთი 18-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალბატონს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საელჩო თურქეთში მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.