საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკაში ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე, 6 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა.
შესაბამისი განცხადება გუშინ, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. მისივე განმარტებით, პირებს შორის, რომლებიც თანამდებობას დროებით ჩამოშორდნენ, შედის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძეც.
"გაერო-დან ინფორმაცია გასულ კვირას მივიღე და იმ დღესვე მივეცი ბრძანება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, თანამდებობიდან ჩამოშორებულია 6 პირი, რათა მათ გამოძიებაზე რაიმე მიზეზით გავლენა ვერ მოეხდინათ.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.
"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.