ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლარის საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სრული კოორდინაციაა.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მხრივ კითხვები მოხსნილია და გაუგებარი იქნება, თუკი მომავალში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თითს კვლავ ეროვნული ბანკისკენ გაიშვერენ.
"ძირითადად საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად კოორდინირებულად იმუშავა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. ხშირად არის, რომ თითის გაშვერა ეროვნული ბანკისკენ ხდება და ადგილი აქვს მის დადანაშაულებას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეროვნული ბანკის გამო ხდება. შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სრული კოორდინაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რაც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნდა შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები, შემცირდეს გადასახადები და საქართველო თავისუფალ სავალუტო რეჟიმზე გადავიდეს.