"სამხედროების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ხელი არავის დაეფარება"

გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში, ქართველი სამხედროების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ხელი არავის დაეფარება.

როგორც კაპანაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს როგორც საქართველოს სამხედრო პოლიციის მხრიდან, ასევე თანამშრომლობა შედგება შესაბამის ორგანოებთანაც.

"ნებისმიერი პიროვნება, რომელიც კიდევ გამოჩნდება ასე ვთქვათ, ან ჩართული იყო, ან ევალებოდა და ვერ გაკეთა თავისი ამოცანა, ყველა, ვინც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საქმესთან აუცილებლად, იგივე ბედი მოელის. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ძალებითაც გავაკეთოთ და ასევე ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანოებთან და დადასტურების შემთხვევაში, ხელი არავის დაეფარება", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზოგიერთი სამხედრო პირი თავისი მოვალეობის შესრულებას დროებით ჩამოაშორეს.

ცნობისთვის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნებზე უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთება გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა გამოთქვა. საქმეში რამდენიმე მოწმე არასრულწლოვანი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ მოძალადეებს შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ.