თინა ხიდაშელი - პირველადი მონაცემებით, ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების მხრიდან ჩადენილი არავითარი ძალადობა არ იკვეთება

თინა ხიდაშელი - პირველადი მონაცემებით, ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების მხრიდან ჩადენილი არავითარი ძალადობა არ იკვეთება

პირველადი მონაცემებით, არავითარი ძალადობა, არაფერი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

"ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რაიმე დადასტურდა თუ არა. ეს ინფორმაცია პირველად გასულ კვირას მივიღეთ. მანამდე მსგავსი არასოდეს, არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა. ყველას გვაქვს ნანახი უამრავი სამადლობელი წერილი, შეფასების ანგარიშები, რომლებიც ქართული კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა. გაეროდან ინფორმაცია გასულ კვირაში მივიღე და იმ დღესვე მივეცი ბრძანება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თანამდებობიდან ჩამოცილებულია 6 პირი, რათა მათ გამოძიებაზე რაიმე მიზეზით გავლენა ვერ მოეხდინათ. "პირველადი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ძალადობა, არაფერი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს, თუმცა არც ერთი მტკიცებულება, ჩვენება ან კონკრეტული დოკუმენტი გაეროს მხრიდან არ მიგვიღია. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის პრესრელიზი, რომელიც გაერომ გამოაქვენა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მისი უპირველესი ამოცანაა, რომ მსგავსი შემთხვევებით და განცხადებებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს.

"ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა და რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, იყოს შენარჩუნებული. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან მიახლოებული დანაშაულიც კი, რაზეც საუბარია პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისთვის, რომ ერთი ადამიანის მსგავსი ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს. ის 160 ადამიანი, ვინც იმ კონტინგენტში იყო, ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ მეგობრები, ოჯახები ჰყავთ და არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, რომ ამ ადამიანებს რაიმეში კოლექტიურად დასდონ ბრალი. ამიტომ ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაირკვეს სიმართლე", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.