გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში გამოძიება უნდა დასრულდეს. "ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალების პრესტიჟი იყოს დაცული. თითოეული ჯარისკაცის და ოფიცრის უფლებები უნდა იყოს დაცული. დასკვნების გამოტანა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა სესიაშვილმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.
"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა ქართველმა სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.