შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის

ლართან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ის თუ როგორია გეგმა და რას აპირებენ ამ მიმართულებით, დღეს არ უსაუბრიათ.

"შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, არის თუ არა კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. პასუხად მივიღეთ, რომ არის. კითხვები დაისვა და შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში მუშაობას გავაგრძელებთ, რადგან მთავარი ის კი არ არის, არის თუ არა კოორდინაცია, არამედ მთავარია ის, რაც შენობის გარეთ ხდება – ლარის გაუფასურება გაგრძელდება თუ არა, პროდუქტის გაძვირება გაგრძელდება თუ არა და ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზე როგორ აისახება. ამაზე მთავრობა შეგვპირდა, რომ მათ დამატებითი დრო სჭირდებათ. ჩვენ მთავრობას ვკითხეთ, თუ როგორია მათი გეგმები, აპირებს თუ არა რაღაც ხარჯების შემცირებას, თუ არ წამოვიდა შემოსავლები და ექსპორტი ისევ შემცირდა, რას აპირებს ტურისტული ნაკადების გასაზრდელად. დავსვით ყველა საკითხი, რაც ლარს სტაბილურობას შეუქმნიდა. ამაზე გვითხრეს – ერთ კვირაში მოვალთ და გეტყვითო", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ლარის კურსის საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. დეპუტატებთან შესახვედრად ეროვნული ბანკიდან გიორგი მელაშვილი და გიორგი ბაქრაძე მოვიდნენ, ფინანსთა სამინისტროდან - ცოტნე ყავლაშვილი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროდან - ირმა ქავთარაძე.

სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.