საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, მისი შეხვედრა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან "შეიძლება შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და იქნება შესაბამისად მომზადებული".
ამასთან, მან თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რა გარემოებებს გულისხმობდა.
"შეხვედრას სჭირდება შესაბამისი გარემოება და მომზადება, ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ახლა ვერ ვისაუბრებ", - განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან ზოგადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.
"ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ რუსეთთან, რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა ლავროვმა და რასაც მივესალმებით. ჩვენ გვაქვს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით გარკვეული დადებითი შედეგების მიღწევა, მათ შორის, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღია რუსული ბიზნესისათვის და საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს სურვილს, გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გამოდევნილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიბზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ვერ ხდება ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოგეხსენებათ, შექმნილია ჟენევის ფორმატი. ჩვენთვის ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, კონფლიქტის მეორე მხარის პოზიციების გამო ვერ ხერხდება", - განაცხადა ჯანელიძემ.