2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება

2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება

"2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, თუმცა ზოგიერთ სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება და ისინი მომავალში უნდა გადაიჭრას", - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში, რომელიც საქართველოსა და "მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემის" ("GSP+") ბენეფიციარი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ, სხვადასხვა კონვენციისა და შეთანხმების შესრულებას ეხება.

ევროკომისია პრობლემებს შორის თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობასა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ასახელებს.

"თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების პატივისცემა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციას მომავალში კვლავ დასჭირდება ყურადღება. დისკრიმინაცია და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობა კვლავ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს", - წერია დოკუმენტში.

მასში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და სხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესზე.

"მნიშვნელოვანი მიღწევები იყო 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით, გაიზარდა სასამართლო დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის ჰუმანიზაცია მოხდა, პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხრივ შესაბამისი კოდექსის მიღებით, ციხეებში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა და გაუმჯობესდა პატიმრების მოპყრობის კუთხით არსებული ვითარება. ამას გარდა, გაძლიერდა პარლამენტის როლი. 2014 წლის დეკემბერში პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა ჩატარდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის ინიცირება მოხდა. მიუხედავად ყველა პროგრესისა, მნიშვნელოვანი ხარვეზები რამდენიმე სფეროში კვლავ რჩება", - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს. ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში საუბარია ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და მისი განხორციელების დაწყების შესახებ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევები კვლავ შეშფოთების საგანია.

"მათ შორის შეინიშნება შევიწროვებისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, განსაკუთრებით მუსლიმების, არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ", - აღნიშნულია სამუშაო დოკუმენტში.

მასში ასევე განხილულია ბავშვთა უფლებების შესახებ არსებული ვითარებაც.

"მცირეწლოვანთა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, განათლების ხარისხის დონე კი დაბალი. ასევე მაღალი რჩება ბავშვთა სიღარიბის დონეც", - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია შრომის უფლებებზეც, სადაც საქართველოს მიერ 2013 წელს ახალი შრომის კოდექსის მიღების ფაქტია ხაზგასმული, თუმცა, აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის საკითხი პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად რჩება.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ გადასაჭრელია იმისათვის, რომ ახალი ინსპექცია გახდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი", - აღნიშნულია მასში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნარკოტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ამასთან, ცალკე თავში განხილულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება.

"საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად რჩება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება. გარდა ამისა, უფრო მეტი პოლიტიკური სტაბილურობა შესაძლოა კარგი წამქეზებელი მიზეზი გახდეს ეკონომიკისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს და რომელიც 2014-2015 წლებში "მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემის" ("GSP+"), ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის ევროკომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშს და პრეფერენციათა განზოგადოებული სისტემის შესახებ ანგარიშს მოიცავს.