თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამხედრო მისიების მანდატებზე იმსჯელებენ.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ავღანეთში, მისიის დამთავრებამდე რჩება და ეს საქართველოს პარტნიორებმაც იციან.
"მოგეხსენებათ, რომ სამხედრო მისიების მანდატები განსაზღვრულია ქვეყნის პარლამენტის მიერ. ყველგან ნატო-ს წევრ ქვეყნებში ახლა მიმდინარეობს ამ მანდატების გადახედვა. ახლა თებერვალში არის თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ერთ-ერთი თემა ეს იქნება, ანუ მისია, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთში და უშიშროების საბჭოს უნდა მოვახსენო იმ დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, უკვე მარავალი წელია, რომ ავღანეთში ვრჩებით ჩვენს პარტიორებთან ერთდ მისიის დამთავრებამდე და ეს რას ნიშნავს, სწორედ ამის შესახებაა ნატო-ში დისკუსია და ამის შესახებ იქნება მოხსენება უშიშროების საბჭოზეც", - აღნიშნა ხიდაშელმა.
რაც შეეხება ვარშავის სამიტს, მისი თქმით მთავარი ამოცანა მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის არის ის, რომ აბსოლუტური შესაძლებლობის ფარგლებში სინქრონიზაცია მოახდინოს ქმედებების.
"მთავრობაში ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე შეთანხმებული ვართ. თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც დათო ბაქრაძის უწყება სრული სინქრონიზაციით, ერთიანი გეგმის ფარგლებში ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილებები დიდი ხანია მიღებული გვაქვს და ეს გეგმა დიდი ხანია შემუშავებულია. ახლა ამოცანა მდგომარებობს იმაში, რომ უშიშროების საბჭოში მოგეხსენებათ მთავრობის წევრების გარდა, სხვა შტოების წარმომადგენლებიც შედიან, პარლამენტის და ქვეყნის პრეზიდენტი და ჩვენ გვინდა მათ გავაცნოთ ის გეგმა და სამოქმედო სტრატეგია, რომელიც მთავრობაში გვაქვს მიღებული. იმისთვის, რომ მთავარი ინტერესი არ დაზიანდეს და ყველამ სინქრონულად, ერთი და იგივე გზავნილით, ერთი და იგივე სამოქმედიო გეგმით, ერთიანად გაწერილი სისტემით უნდა ვიმუშაოთ მთავარი მიზნითვის, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე ეს არის დღეს", - განაცხადა მინისტრმა.