სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ხმას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემს

სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ხმას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემს

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავობის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის სამინისტრომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან პრემიერ-მინისტრის ბოლო შეხვედრის დროს საბოლოოდ შეთანხმდა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონპროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო არჩევნებისთვის ე.წ. სპეცუბნები აღარ იქნება, გარდა ავღანეთისა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე გავიდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სპეც უბნებთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. მთავარი იდეა სამ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. ერთი, როოგრც შევპირდით მოსახლეობას, სპეცუბნები გაუქმდება და ეს წერია კანონპროექტში. იმედია და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მას უცვლელად მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც სამხედრო ვალდებულებაში იმყოფებიან და ვერ ტოვებენ სამხედრო ნაწილს, მათ როტაციას ვუზრუნველყოფთ. სამხედრო ტერიტორიაზე არჩევნები აღარ ჩატარდება. ისინი მორიგეობით, უახლოეს სამოქალაქო უბანზე მისცემენ ხმას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველას ეჭვების გაფანტვა. ეს არის დაახლეობით სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების 25-30%. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ტოვებს ტერიტორიას. წინასწარ იქნება ცნობილი, გამოქვეყნდება რაოდენობები, როგორც საარჩევნო კოდექსი ითხოვს, რათა სპეკულაციებისგან დავიზღვიოთ თავი. სამწუხარო კამპანია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სახეზე იყო თვეების განმავლობაში, თავიდან იქნება აცილებული. ჯარის ერთგვარი შეურაცხყოფის ფაქტები უნდა ავლაგმოთ. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ასე ისაუბროს", - განაცხადა თავდაცვის მინსიტრმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამ სამხედროების შესახებ, როგორც ეს ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს გაკეთდა.

"კანონპროექტი მიღებულია შენიშვნებით. ჩვენი მიზანია, რომ ის შენიშვნები ავსახოთ, რაზეც პრემიერთან არასამთავრობოების შეხვედრაზე იყო საუბარი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დადებული აქვს კონტრაქტი, მისცემს ხმას. ეს არის ძირითადი პრინციპი და შემადგენელი იმ დებულებების, რაც გავიდა მთავრობის სხდომაზე. არანაირი გამონაკლისი არ იქნება. ავღანეთი იქნება ერთადერთი, სადაც სპეცუბანი რჩება. თუ რაიმე სხვა ფორმას შემოგვთავაზებთ, გავითვალისწინებთ. საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც შეგპირდით ჩემი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პირველ დღესვე, სპეცუბნები აღარ იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა.