პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის გატაცებას უარყოფითად აფასებს.
როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დახმარებით მისი გათავისუფლება მალე მოხდება.
"უაღრესად უარყოფითად ვაფასებ. იმედი მაქვს, ჩაერთვება ის მექანიზმი, რომელიც არსებობს კონფლიქტების პრევენციისა, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მალე მოხდება მისი გათავისუფლება", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თავადაც ამ საკითხის დაყენებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს, აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის და ერთი თვით ადრე დღის წესრიგზე საუბარი გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 49 წლის ჯიმშერ ტიელიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია. როგორც ოჯახი ამბობებს, თუ ტიელიძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ, მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ მის გასათავისუფლებლად თანხა გადაიხადონ.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ზერტის მიმდებარე ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული, რა დროსაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ოკუპანტებმა დააკავეს.