2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი მოექცა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ჰააგის პროკურორს მიეცა სასამართლოს მიერ გამოძიების უფლება, არამედ ის აქცენტებიც, რაც პროკურორმა გააკეთა თავის წინასწარ განცხადებაში.
"აქ არის ეთნიკურ წმენდაზე, ადამიანების მკვლელობებზე და წამებებზე ლაპარაკი, ასევე, ქართველთა სახლების გამორჩევით იდენტიფიცირებაზე და მათ დაწვაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვამტკიცებდით. ძალიან სამწუხარო იყო, რომ როცა ამას ჩვენ, ჩვენი პროკურატურა ვიძიებდით, ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, რომ ეს გამოძიება არ უნდა გაგრძელდეს. სინამდვილეში ეს არის ის, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი მოექცა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი", -განაცხადა სუბარმა.