გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საქართველოში მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული, მაშინ როცა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულაციები უფრო მკაცრია.

აღნიშნულის კონტექსტში მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.

,,მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, რომ იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.