გია ვოლსკი ევროპარლამენტის წევრს ანდრეას მამიკინს შეხვდა

გია ვოლსკი ევროპარლამენტის წევრს ანდრეას მამიკინს შეხვდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ევროპარლამენტის წევრს ანდრეას მამიკინს შეხვდა. ფრაქციის სათათბირო ოთახში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი სესიაშვილი და გია ჟორჟოლიანი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს და პოლიტიკურ თემებს.

"არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი არის მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე, რომელმაც ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო ღრმად და ფართოდ იცის პრობლემატური თემები იმათთან შედარებით, ვინც ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას იკავებს, როცა საქმე კენჭისყრამდე მიდის. კარგია, რომ ჩვენ კარგად გვიცნობენ. მათ შორის სოციალისტურ ბანაკშიც, "სოციალ-დემოკრატიული" ფრაქცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მომავალში ვფიქრობ, ჩვენი ადგილი კიდევ უფრო გამყარდება მათ შორის", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. კითხვას იმის შესახებ, თუ რა მხარდაჭერას უნდა ელოდოს ქართული მხარე "სოციალ-დემოკრატებისგან", გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ "განსხვავებები არის არა მხოლოდ "სოციალ-დემოკრატებში", არამედ "სახალხო პარტიაშიც".

"განსხვავებები არის ხოლმე არა მარტო "სოციალ-დემოკრატებში". "სახალხო პარტიას" უფრო მეტი დისციპლინა აქვს, მაგრამ იქითაც არის ხოლმე აზრთა სხვაობები და ეს ევროპარლამენტში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა არის სერიოზული საკითხები, თუნდაც ახლანდელი განხილვები, სადაც 17 დამატება ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ვერც ერთი ვერ გავიდა იმიტომ, რომ არ იყო მისაღები. მოკლედ, არის ევროპარლამენტის გარკვეული ტრადიცია, რომელსაც ალბათ უნდა მივწვდეთ და აქეთკენ მიდის ჩვენი გზაც" , – განაცხადა მან.