"იმედი მაქვს სიმართლე იპოვის თავის გზას ჰააგაში"

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შeფასებით, ის გაოცებულია გუშინ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით.

თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას შეიცვლება როგორც განწყობა, ტონალობა, ასევე მხარეები და სუბიექტები.

„გაოცებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არის ძალიან სუპერ წინასწარი განწყობაც კი არა, წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, მხარეებიც, სუბიექტებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის თავის გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარი არის ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და სამხრეთ ოსეთული შეიარაღებული ფორმირებები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას დაიწყებს.

საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა და მას საგამოძიებო მოქმედებების გატარების უფლება მისცა. მოსამართლეები პროკურატურას უფლებას აძლევს გამოიძიოს შესაძლო კრიმინალური დანაშაულებები, რომლებიც დაფიქსირდა საქართველოს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.