ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილმა მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება

ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილმა მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება

პრეზიდენტს უნდოდა საკუთარი გუნდის უფროსი ყოფილიყო და დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "2030-ში" განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი საოცარ უფლებებს ითხოვდა და მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც, თუმცა, მას ეს უფლებები კონსტიტუციით არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა სასამართლო სისტემაზე.
"არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო სასამართლოს საქმიანობაში. სასამართლოი თვითონ არის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაწილი. ეს მოვახერხეთ ჩვენ და ჩემი აზრით, რაც ხდება დღეს მურუსიძის თემასთან დაკავშირებით, სწორედ რომ დაირღვა ის, რასაც მე ვცდილობდი არ დარღვეულიყო. ხელისუფლების ნაწილმა და პრეზიდენტი არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა. სწორედ რომ პრეზიდენტმა, რომელმაც დასაწყისშივე, მოსვლისთანავე და ჩვენი პოლემიკის და დაპირისპირების მიზეზიც, თუ გნებავთ ეს იყო, მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება. თავის დროზე უსუფაშვილს 7-ჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია თუ რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში. პრეზიდენტმა შვიდივეზე უარი თქვა და რაღაც საოცრებებს ითხოვდა და ის, რომ პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რომ მას უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის. მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც და ეკარნახა. ამის მაგალითები ბევრია. ამას ვერ ახერხებდა და ამ პროცესში სასამართლოზე გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა. ამას ემსახურება ახლა მურუსიძის პროცესი", - განაცხადა ივანიშვილმა.