აფხაზეთში თურქული კომპანიების საქმიანობა შეიზღუდება

აფხაზეთში თურქული კომპანიების საქმიანობა შეიზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული კომპანიების საქმიანობა შეიზღუდება. შეზღუდვების ჩამონათვალი 11 იანვრამდე დამტკიცდება და სამშენებლო, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ასევე თევზჭერისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მანამდე კი, აღნიშნულ საკითხზე რუსეთი და მარიონეტული რეჟიმი კონსულტაციებს გამართავენ.

შესაბამისი ინფორმაცია "რია ნოვოსტის" რუსეთის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა, ალექსეი ჩესნაკოვმა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ვიზიტის შეჯამებისას მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, სურკოვმა დაადასტურა, რომ "აფხაზეთის ხელმძღვანელობა მზად არის, თურქეთთან მიმართებაში რუსეთს სოლიდარობა გამოუცხადოს".

ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს გუშინ ეწვია, სადაც მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან, დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან სოხუმისა და თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ სურკოვმა განაცხადა, რომ თურქეთი "აფხაზეთში" პოლიტიკური საკითხების მოგვარებას ცდილობს.

"აფხაზეთს თურქეთთან ოფიციალური ურთიერთობა არა აქვს. როგორც ცნობილია, თურქეთი აფხაზეთს არ აღიარებს, თუმცა ამავდროულად ცდილობს, აქ გარკვეული ეკონომიკური და, როგორც ჩანს, პოლიტიკური საკითხები მოაგვაროს", -განაცხადა სურკოვმა.