თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის საგანგებო განცხადება გუდიაშვილის მოედნის   რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის საგანგებო განცხადება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

28 დეკემბერს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაციის საკითხზე, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად, ითქვა რომ:

1. ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია ისევ განახლდა, რასაც არასამთავრობო სექტორის ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვება.

2. თბილისის მთავრობა 45 მილიონს იმ პროექტებზე დახარჯავს, რომელიც არასამთავრობოების შეფასებით კულტურული მემკვიდროების ძეგლებისთვის საფრთხეს შეიცავს.

3. თბილისის მერია გაფორმებული მემორანდუმის ყველა მუხლს არღვევს და სამუშაოების დაწყებას იმ პროექტის მიხედვით გეგმავს, რომელიც ერთხელ უკვე დაიწუნეს და შეაჩერეს.

4. შენობებზე გამოკრული აბრების მიხედვით, მათი აღდგენის ვადები უკვე ამოიწურა და კულტურული მემკვიდერეობის მქონე სახლებში თითქმის არაფერი არ გაკეთებულა.

5. რეაბილიტაცია 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა სიძველის გამო შესაძლოა რამდენიმე შენობის იერსახის შეცვლა გარდაუვალი იყოს.

გუდიაშვილის და მისი მიმდებარე არეალის, როგორც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი არეალის აღდგენასთან დაკავშირებით, საზოგადოების არასწორად ინფორმირების პრევენციის და პროცესისთვის ხელის შემშლელი მოლოდინის შექმნის თავიდან აცილებისთვის, გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ:

1. თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, „იკომოს - საქართველომ“ 2015 წლის 14 აპრილიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმა  მოამზადა, რომელიც აუცილებელი პირობა და არეალის აღდგენისთვის სამოქმედო ჩარჩო გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. ფონდს აღნიშნული დოკუმენტი მიღებული აქვს და გეგმავს ამ რეკომენდაციების მიხედვით  გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაგანახორციელოს.

2. კონსერვაციის გეგმის დასრულებამდე, 2015 წლის სექტემბერში თბილისის განვითარების ფონდმა ასევე იკომოს საქართველოს დაუკვეთა და მოამზადებინა ისტორიული შენობების ავთენტური სახით შენარჩუნებისთვის შენობების დროებითი გამაგრების პროექტები. დროებითი გამაგრება აუცილებელია მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების დაჭერისთვის, მანამ, სანამ  მათი აღდგენის პროექტები და სანებართვო დოკუმენტაცია მომზადდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ეს სამუშაოები, რასაც საზოგადოება გუდიაშვილის მოედანზე ყოველდღიურად ხედავს.

3. იკომოს საქართველოს რეკომენდაციით, 2015 წლის ოქტომბერში თბილისის განვითარების ფონდმა, გამოაცხადა კონკურსი და პროექტის სახით 2015 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო - გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე არეალის სანიაღვრე სისტემების და წყალ-კანალიზაციის მოწესრიგების პროექტი, რომლიც მიხედვით გამოცხადდა ტენდერი 2015 წლის ნოემბერშივე და 2016 წლის იანვარში. დროებითი გამაგრებების პარალელურად, დაიწყება მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესი გუდიაშვილზე, რაც  ამ არეალში ისტორიული შენობების დაზიანების ერთ-ერთი უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს.

4. ზემოთ აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, იმისთვის, რომ არ დაიკარგოს დრო, თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის 21 დეკემბერს  უშუალოდ მოედანზე და მიმდებარე არეალში მდებარე ყველაზე ავარიული შენობების აღდგენის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა, რომელიც დასრულდება 2016 წლის 6 იანვარს და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 2016 წლის იანვრის პირველ ნახევარში გამარჯვებული პროექტანტი დაიწყებს პირველი რიგის, ყველაზე მწვავე ავარიული და ისტორიულად ღირებული შენობების აღდგენისთვის პროექტირებას.

5. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსერვაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით დასრულდება გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ყველაზე ავარიული შენობების პროექტირება და თბილისის განვითარების ფონდი მიიღებს აღდგენისთვის აუცილებელ სანებართვო დოკუმენტაციას, დაიწყება უშუალოდ აღდგენითი სამუშაოები გუდიაშვილზე, ძეგლების და თვითონ მოედნის ისტორიული სახით შენარჩუნებისთვის.

შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდი, არ გეგმავს იმ ძველი პროექტების გამოყენებას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც 2011-2012 წლებში მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობა საზოგადოებასთან ერთად.

თბილისის განვითარების ფონდის 2016 წლის ბიუჯეტში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის, განკუთვნილი სახსრები შეადგენს 7.7 მლნ ლარს და მათი ხარჯვა მოხდება, მიზნობრივად, კონსერვაციის გეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციებით დაცვით მომზადებული პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედნისთვის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე.

ყველა ზემოთ მოცემული სამუშაო და მათი თანმიმდევრობა, განხილული და შეთანხმებულია იკომოს-საქართველოსთან და დარგის სპეციალისტებთან, ემსახურება გუდიაშვილის მოედნის იმ მიდგომით და ფორმით აღდგენას, რომლის დამკვეთია საზოგადოება.

სწორედ საზოგადოების დაკვეთის გათვალსწინების შედეგია, კონსერვაციის გეგმის მომზადება და მასში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება, ასევე სწორი მიდგომაა, ისტორიული არეალის საფუძვლიანი რეაბილიტაციისთვის, შენობების და მე-18-ე საუკუნის სარდაფების შემთხვევითი (ნგრევით) განადგურებისგან მათი დროებითი გამაგრება, ასევე მათი ავარიულობის მთავარი მიზეზის, მიწისქვეშა წყლების მოცილების სამუშაოების ორგანიზება, რომლის გარეშეც აზრს კარგავს ნებისმიერი სახის აღდგენითი სამუშაო.

გუდიაშვილის მოედნის აღდგენა წარმოადგენს თბილისის განვითარების ფონდისთვის, თბილისის მერიისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს და საზრუნავს, რისთვისაც, საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის და მხარდაჭერის გარეშე, პროცესის სწორად ორგანიზება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ ნებისმიერ საკითხზე, სწორი ინფორმაციის მიღებისთვის მიმართოთ თბილისის განვითარების ფონდს და მხოლოდ სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოთ საზოგადოების ინფორმირება გუდიაშვილის მოედნის აღდგენასთან დაკავშირებით.

გიორგი ბაიდარაშვილი

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი