წვევამდელებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური მოსამსახურის ფიცი დადეს

წვევამდელებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური მოსამსახურის ფიცი დადეს

დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, 240 ახალწვეული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურს გაივლის.

ახალწვეულებს ფიცის მიღება სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მიულოცა: „დღეს თქვენ დადეთ სამხედრო ფიცი და უერთდებით ახალგაზრდა თაობის იმ მრავალათასიან არმიას, რომლებიც მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ეს ადგილი შევარჩიეთ ფიცის დასადებად. აქ, საოკუპაციო ზოლთან ძალიან ახლოს, სადაც რამდენიმე წლის წინ თქვენსავით ახალგაზრდა ბიჭებმა თავი შესწირეს სამშობლოს მთლიანობას და დამოუკიდებლობას, უფრო მძაფრად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა. ქედს ვიხრი შინდისის გმირების ხსოვნის წინაშე, გმირების, რომლებმაც აჩვენეს სამაგალითო დამოკიდებულება სამშობლოსთან, ხალხთან და საკუთარ მოვალეობებთან.

მათი თავგანწირვა თითოეული ჩვენთაგანისთვის მაგალითია იმისა, რომ სამშობლოზე მაღლა არაფერი დგას და ამ ადგილას სამხედრო ფიცის დადებით კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ჩვენი ქვეყნისა და სამსახურის წინაშე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული თქვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ იდგეს სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე და ღირსეულად ატაროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სახელი.

ეს ის სამსახურია, რომელმაც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ნამდვილად იმსახურებს უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ნდობას. ჯარისკაცებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ, პირნათლად მოგეხადოთ მხედრული ვალი საქართველოს წინაშე! გისურვებთ წარმატებულ სამხედრო სამსახურს!“ სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.