თეა წულუკიანი - სასამართლომ გამოაჩინა თავისი სახე, რომელიც არ არის ლამაზი

თეა წულუკიანი - სასამართლომ გამოაჩინა თავისი სახე, რომელიც არ არის ლამაზი

სამი წელია ვამბობ, რომ სასამართლო რეფორმებისადმი რეზისტენტულია და მას რეფორმები არ სურს, - იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში სასამართლომ თავისი სახე გამოაჩინა, რომელიც არ არის ლამაზი.
"სამი წელია ვამბობ, რომ სასამართლო რეზისტენტულია რეფორმებისადმი. ამ დღეებში ამ სასამართლომ, რომელიც 3 წელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს უპირისპირდება, ღიად გამოაჩინა თავისი სახე, უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე; სახე, რომელიც არ არის ლამაზი; გამოაჩინა ის, რომ მათ არ სურდათ რეფორმები; მაგალითად, ის, რომ 2014 წლის აგვისტოს კანონით ჩვენ შემოვიტანეთ მოსამართლისთვის აუცილებელი თვისება − კეთილსინდისიერების კრიტერიუმი და ისინი ამას პრაქტიკაში არ იყენებენ. არც ის რეფორმა სურთ, რომელიც ახლა პარლამენტში მაქვს შეტანილი და საქმეების ავტომატურად განაწილების წესს ეხება. სასამართლოები ელექტრონულად არ ამზადებენ სისტემას განგებ იმისთვის, რომ ელექტრონულად, ანუ ბრმად და ავტომატურად, განაწილდეს საქმეები. მაგრამ მე მინდა, დაგპირდეთ, რომ ეს რეფორმები, რაც უნდა ძველი დროის მოსამართლეებს არ სურდეთ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა მართლმსაჯულების ხელმძღვანელის აზრიც, რომელიც თავადაც გააკეთებს ალბათ, კომენტარს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.