გუბაზ სანიკიძე - ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი კითხვაზე - რატომ წავიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი

გუბაზ სანიკიძე - ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი კითხვაზე - რატომ წავიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი

მთავარი საკითხი, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა აქცენტი გააკეთა, ქვეყნის შიდა დამშვიდებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო გამოსვლისას, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
"გიორგი კვირიკაშვილს ვიცნობთ, როგორც პროფესიონალს, რაც მთავარია პატრიოტს, ქვეყნის მოყვარულს, კომპეტენტურს. ვიქრობ, მთავარი საკითხი, რაზეც მან აქცენტი გააკეთა, ეს არის ქვეყნის (შიდა) დამშვიდება. ამას ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საკმაოდ სერიოზული თვეები, სერიოზული წლები ელოდება ჩვენს ქვეყანას, რადგან ვითარება მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ მცირე მასშტაბების ქვეყანა ვართ. არაერთგზის მომიწია ამაზე საუბარი და უმჯობესია, კიდევ ბევრი ვისაუბროთ, რომ ეს პრობლემები ჩვენს გარეთ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, როგორიცაა ქვეყნის ჩრდილოეთით და განსაკუთრებით ჩვენს სამხრეთით. ამიტომ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე", - განაცხადა სანიკიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება პროექტები, რომლებიც ყოფილი პრემიერის პირობებში დაიწყო. "მინდა ცალკე შეგხვდეთ თქვენ და იმ საკითხზე გესაუბროთ, რასაც ჰქვია რელიგიური ურთიერთობები საქართველოში. ყურადღება არის მისაქცევი, პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ, ჩვენ შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები მივიღოთ და ყველა სხვა საკითხი და პრობლემა გადავიდეს უკანა პლანზე", - განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, "ეროვნული ფორუმი" არ გამოირჩევა პოლიტიკური პოსტების კოლექციონერობით. "ბევრი ამას ჩვენ გვითვლის სისუსტედ, თუ რატომ არ უკავია "ეროვნულ ფორუმს" პოსტები. "ეროვნული ფორუმი" აგრძელებს იმ პოლიტიკას, რითაც დავიწყეთ ჩვენ კოალიციაში. ბიძინა ივანიშვილი სიტყვებია: "კახა შარტავამ ჩვენ ჩაგვიტარა მასტერ-კლასი". თანამშრომლობის მასტერ-კლასს ჩვენ ვაგრძელებთ. მაგრამ არის ერთი საკითხი, სადაც ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვიჭირავს, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სვე-ბედი და მომავალი. აქ ძალიან პრინციპულები ვართ და ჩვენ ძალიან გვიჭირს აქ კომპრომისზე წავიდეთ. შეკითხვა და პრობლემა არის ორ საკითხში. პირველი არის სისტემური სახელმწიფო და მეორე არის ზნეობრივი და სამართლებრივი - პირველი არის საღვთო კანონები და მეორე კი ადამიანების მიერ შექმნილი კანონები", - განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, "უნდა ვიცოდეთ, საქართველოს პრემიერ მინისტრი რატომ წავიდა". "აქ არ არის პერსონაზე - ირაკლი ღარიბაშვილზე საუბარი, ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პასუხი. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება ვართ ერთსულოვანი, რადგან ამ დარბაზში რამოდენიმე კაცმა იცის, რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება ამისთვის მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ წავიდა პრემიერ-მინისტრი. ის ვერსია, რომ იქმნება პრეცედენტი, პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არ არის დამაჯერებელი და მიუღებელიცაა. გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დააანონსა, რომ მალე წავიდოდა პოლიტიკიდან. მაგრამ არა მგონია, რომ პრემიერ-მინისტრებმა ასეთი პირობა უნდა დადონ მომავალში. საქართველოს ეს არ სჭირდება. კეთილი უნდა ვინებოთ და მთავრობამაც და პარლამენტმაც, თითოეულმა მოქალაქემ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქმედებაზე", - განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, გახსნილობა არის დემოკრატიის მთავარი ირაღი. გუბაზ სანიკიძე ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნასაც გამოეხმაურა.
"რაც მოხდა მურუსიძესთან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლების სერიოზული ჩავარდნაა. ამ დარბაზში სამ კანდიდატურას მივეცით ხმა და მეც ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომლებმაც შემდეგ მურუსიძეს მისცეს ხმა. სად და რა შეგვეშალა? ეს ჩვენ ღიად უნდა განვიხილოთ, ეს პრობლემა ჩვენ გვერდს არ აგვივლის", - განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება თუ არის მრუდე, სახელმწიფო ვერ განვითარდება. "საქართველოს სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული ჩავრდნა და სამწუხაროდ, ჩვენ ამაში მონაწილეობა მივიღეთ ნებსით თუ უნებლიედ. ჩვენ თუ არ მივხედავთ ამ საკითხებს, მიხედავს ქართველი ხალხი უჩვენოდ. მინდა ჩემი და "ეროვნული ფორუმის" პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ თუ ეს საკითხები არ განვიხილეთ და გადაწყვეტილებები არ მივიღეთ, გარწმუნებთ ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ არჩევნებში", - განაცხადა სანიკიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.