"პრემიერის წასვლის მიზეზი არადამაჯერებელია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რატომ წავიდა ის"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძისთვის არადამაჯერებელია ის ვერსია, რაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზად დასახელდა.

როგორც სანიკიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ იცოდეს, თუ რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან. მისივე თქმით, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ ადამიანი თანამდებობიდან, მისი მოღვაწეობის პიკზე წავიდეს.

"ის ოფიციალური ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს პრემიერის წასვლასთან დაკავშირებით, არ არის დამაჯერებელი. როდესაც დამაჯერებელი არ არის ოფიციალური ვერსია, ეს იწვევს ბევრ ვარიაციას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი. ალბათ, ამ დარბაზში ორმა-სამმა კაცმა იცის რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი. ის ვერსია, რომ იქმნება პრეცენდენტი, პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არადამაჯერებელია და მიუღებელიც. არ მგონია, პრემიერ-მინისტრებმა პირობა უნდა დადონ, რომ ისინი წავლენ პიკზე ხელსიუფლებიდან. საქართველოს ეს არ სჭირდება. ჩვენ რა ვიცით, რომ მას უფრო მეტი წარმატება არ ჰქონდა წინ. ამიტომ, ეს სახელმწიფოსთვის ცოტა არ იყოს სახიფათოა. გახსნილობა დემოკრატიის მთავარი იარაღია. ალბათ, მოვა დრო და ის გვეტყვის რატომ წავიდა ხელსიფლებიდან. ეს არის შავი ხვრელი", - განაცხადა სანიკიძემ.