თურქი მშენებლები ვეჭვობ, რომ აფხაზეთში რუსეთის ფულით მშენებლობას შეძლებენ. სოხუმი გააანალიზებს ანკარასთან თანამშრომლობას სხვა დარგებშიც. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით , ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"თურქი მშენებლები, ალბათ, ვერ შეძლებენ ობიექტების მშენებლობას რუსული ფულით. ეს საკმაოდ ცხადია. არ არსებობს არავითარი მიზანი აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდეს აფხაზეთის ხელისუფლების ხისტი მოქმედებებით, ჩვენი რაიმე კოორდინირებული მოქმედებებით. ამიტომაც, ჩვენ შევაჯერებთ ყველა ასპექტებს", - აღნიშნა სურკოვმა.
მისი თქმით, ყველაფერი დანარჩენი - თევზჭერა, ბუნებრივი რესურსებისადმი წვდომა - ეს საკითხები ცალკე დამუშავდება. "აფხაზეთის ხელისუფლება მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთობების ფარგლებში როგორ შევთანხმდით აქ პოლიტიკის კოორდინირებაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს სურკოვმა.
ამასთან, სააგენტოს მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, თურქეთი რუსეთის შემდეგ აფხაზეთის მეორე პარტნიორი ქვეყანაა, რომლის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 2,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. ამავე მონაცემებით, თურქეთზე მოდის აფხაზეთის შიდა ვაჭრობის 18 %.