ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ლენიდ თიბილოვის განცხადებით 31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაიკეტება.
თიბილოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ახალი წლის დღეებში ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გეგმის თანახმად 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მოქალაქეების ე.წ. საზღვარზე გადაადგილება არ განხორციელდება.
"მსოფლიოში რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ნარჩუნდება. რუსეთი აგრძელებს აუცილებელი ზომების მიღებას, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წარმატებით ებრძვის. ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში უნდა მუშაობდნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების ყოფნის თაობაზე", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი წლის დღეებში საზოგადოებრივ წესრიგს 600 ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიცავს.