"უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტი იქნება თბილისში"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის არსებობა დისკომფორტს ქმნის კომუნიკაციის თვალსაზრისით.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტის შენობა თბილისში იქნება.

"ქუთაისის პარლამენტის შენობა დისკომფრტს ქმნის მთავრობის მუშაობაში, განუწყვეტელი მოგზაურობა თბილისსა და ქუთაისს შორის. ვფიქრობ, უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტი იქნება თბილისში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ მე პატივს ვცემ საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. შეიძლება ქუთაისის გადაქცევა საგანმანათლებლო ცენტრად და ვფიქრობ, ამ იდეის წარმატებით განვითარება შესაძლებელია. ვფიქრობ, ყველა ამ იდეის განხორციელებით ქუთაისის მნიშვნელობა გაიზრდება. რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებობდა მთელი რიგი იურიდიული პრობლემები, ვიმუშავეთ ბევრი ამ მიმართულებით. თუ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტი ქუთაისში გააგრძელებს ფუნქციონირებას, განვახორციელებთ ინვესტიციებს დამატებითი კეთილმოწყობისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.