პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს, გარდა იმისა, რომ ის ნაკლებად კონფლიქტურია ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით.
როგორც ნოდიამ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ დაასახელა მიზეზები, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან, შესაბამისად, მისი თქმით, ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
"არავის არ უთქვამს რა საჭირო იყო პრემიერ-მინისტრის შეცვლა და რა მიზეზები ჰქონდა ამას. შეიძლება პიროვნულად გიორგი კვირიკაშვილს აქვს უპირეტასობები ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით, მას იმდენი სისულელე არ უთქვამს სამი წლის განმავლობაში, რაც ღარიბაშვილს, ის ნაკლებად კონფრონტაციული და უფრო ცივილიზებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ნაკლებად დასცინებენ მას, ვიდრე ღარიბაშვილს. კვირიკაშვილი ნაკლებ უკმაყოფილებას გამოიწვევს მოსახლეობაში, მაგრამ ეს არ ნისნავს იმას, რომ რაიმე შეიცვლება ქვეყანაში. ხელისუფლება არ თვლის, რომ ქვეყანაში რაიმე უნდა შეიცვალოს. ძნელი წარმოსადგენი უნდა იყოს, რომ პრემიერი უბრალოდ გადადგეს. ასე, რომ სხვა შანსი არ გვაქვს თუ არა ის, რომ ვიფიქროთ, მისი გადადგომის გადაწყვეტილება სხვამ მიიღოო. ერთადერთი ვინც შეიძლება ეს იყოს არის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ნოდიამ
ამასთან, როგორც ექსპერტი აცხადებს, რომელიმე მინისტრის შეცვლა დღეს შესაძლოა განპირობებული იყოს საზოგადოების განწყობით.
"რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკა. შესაბამისად ძნელი სათქმელია რომელი მინისტრი უნდა შეიცვალოს და რომელი არა. ამ შემთხვევაში შეიძლება შეფასების კრიტერიუმი არის ის, რომელი მინისტრი უფრო აღიზიანებს ხალხს და რომელი არა. როდესაც გავრცელდა ჭორები, რომ ხადური, ზაქარეიშვილი, სანიკიძე შეიცვლებიან, როგორც ჩანს ეს იქედან გავრცელდა, რომ ეს ხალხი საზოგადოებას აღიზინიანებს", - განაცხადა ნოდიამ.