ეს იქნება ახალგაზრდა თაობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა“

ეს იქნება ახალგაზრდა თაობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი სამთავრობო გეგმით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმების შექმნა დაემატება.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, ეს იქნება ახალგაზრდა თაობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც დაფინანსებს ინოვაციურ ახალ იდეებს. ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილება. პროგრამა საწყის ეტაპზე, „საპარტნიორო ფონდის“ ფარგლებში იფუნქციონირებს და ახალგაზრდებს, რომლებიც პოტენციურ საბანკო მსესხებლებად ვერ კვალიფიცირდებიან, მიეცემათ საშუალება, მიიღონ სესხი უზრუნველყოფის გარეშე და წამოიწყონ ბიზნესი ისე, რომ არ გახდნენ დაქირავებული თანამშრომლები.

კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა კაბინეტის მთავარი ქვაკუთხედი ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება იქნება. მისი შეფასებით, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულიკვეთების განვითარებას. როგორც მან პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, ეს პრიორიტეტი აისახება სახელმწიფო სამოქმედო გეგმებში, ყველა სტრატეგია კი, რომელიც დარგობრივ ჭრილში დაიწერება, ამ ქვაკუთხედის ირგვლივ აიგება. კვირიკაშვილის თქმით, „მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება მეწარმეობის, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება. „ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ჩემი კოლეგის და მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, 120-მდე ბენეფიციარი ჰყავს - შეიქმნა ახალი საწარმოები, გაფართოვდა არსებული, სოფლის მეურნეობის კუთხით, სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე ჩადებული ინვესტიციიით, მილიარდ ლარამდე ეფექტი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ნახევრზე მეტი დასაქმებულია წვრილ და საშუალო საწარმოებში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ჰქონდა საშუალება, ემსახურა მოსახლეობის ინტერესებისთვის. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.