პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხალხის მიერ 2012 წელს დაქირავებულმა მთავრობამ სამი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა იმის დემონსტრირებისთვის, როგორ შეიძლება, მთავრობამ უსმინოს მოსახლეობის პრობლემებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართა. საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, კერძო სექტორზე მაქსიმალური ორიენტაცია, სტრატეგიული სექტორების განვითარება, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა, კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის განმტკიცება, ღია და ეფექტიანი მმართველობა და შერიგების პროცესის დინამიურობა, - ეს ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ისაუბრა.
„ჩვენ გადავჭერით არაერთი პრობლემა, მივეცით ჯანმრთელობის დაცვის უფლება ყველა ჩვენს თანამოქალაქეს; სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას - დაემუშავებინათ საკუთრებაში არსებული მიწა და მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი; მივეცით საშუალება ბავშვებს, ტრანსპორტით ემგზავრათ სკოლამდე. მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და მოწოდებული ვართ, ამ გზას მივყვეთ მომავალშიც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.