"ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნაა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს განუცხადა, მთავრობა ქვეყანის მშვიდობიანი განვითარებისთვის რუსეთთან მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს.

„ამიტომ, გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რათა ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, რათა მოქალაქეებს მივცეთ მშვიდი ცხოვრების საშუალება. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა გამოყენებული იყოს მთავარი ფორმატის - ჟენევის დისკუსიების შესაძლებლობები და გავაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას შეიქმნა და ამ ფორმატის წარმატებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს. ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.