"ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წევრებს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს განუცხადა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

"ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას ინსტიტუციურად, კანონმდებლობით და გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით განხორციელების შესახებ ევროკომისიის დადებითი ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ თავისუფლად იმოგზაუროს ევროპაში. მისი თქმით, ეს ასევე საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოს ასევე კარგი მაჩვენებლები აქვს ნატო-სთან სამხედრო თავსებადობის კუთხით და ამავდროულად, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.