პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მთავრობამ სახელმწიფო სივრცითი დაგეგმარების პროექტი წამოიწყო და მსოფლიო მასშტაბის საუკეთესო კომპანიასთან კონტრაქტიც გაფორმდება.
როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს განუცხადა, ახალი მთავრობის ყურადღების ცენტრში ასევე იქნება ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი და კავშირგაბმულობა.
„გაგრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარება, შეიქმნება ინფრასტრუქტურული პორტფელი და გამოყენებული იქნება კერძო სექტორის ჩართულობის პოტენციალი. ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო სივრცითი დაგეგმარების პროექტი და უახლოეს მომავალში გაფორმდება კონტრაქტი მსოფლიო მასშტაბის საუკეთესო კომპანიასთან, რომელიც საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმას შეადგენს და გვექნება ქვეყნის გეგმაზომიერი განვითარება. ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება გარემოს დაცვა და სუფთა ეკოლოგიური საცხოვრებელი პირობების შექმნა, რადგან არ არსებობს ეკონომიკის განვითარება გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.