საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზი კვირიკაშვილის პერიოდში შემოღებული საზიანო რეგულაციებია, რომელმაც ეკონომიკას ზიანი მიაყენა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვებით მიმართა, დეპუტატი დაინტერესდა, "პრემიერის რანგში ქვეყნისთვის საზიანო ინიციატივებს მოაწერს თუ არა ხელს გიორგი კვირიკაშვილი".
"კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაღარიბდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია თქვენი მინისტრობის პერიოდში შემოღებული საზიანო რეგულაციები, რომლებმაც ზიანი მიაყენა ეკონომიკას და ხალხი გააღარიბა. მაგალითად ავიღოთ მანქანების ბიზნესი. ეს სფერო, რომლის ბრუნვა იყო 700 მილიონი დოლარი, ჩამოვიდა 160 მილონზე და 5 ათასმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა. ახლაც შემოტანილი გაქვთ სახიფათო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 9 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანები ორჯერ გაძვირდება. ეს გაჭირვებულ ფენას დაარტყამს. მე მაინტერესებს, ეკონომიკის მინისტრის რანგისგან განსხვავებით, პრემიერის რანგი საკმარისი იქნება თქვენთვის, რომ ასეთ საზიანო ინიციატივებზე ხელი არ მოწეროთ?", - მიმართა კანდელაკმა კვირიკაშვილს.