რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ქართული მხარის ბრალდებებს, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე უარყოფენ.

უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამის მანძილზე საქართველოს საზღვართან რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არანაირი ფრენა არ განუხორციელებიათ.

„შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს სამხედრო უწყების ბრალდებების დროს, მიახლოებითი ადგილიც კი არ დასახელებულა, თუ სად დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე. მანამდე, სანამ შემდგომში ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, უმჯობესია რადიოლოკაციურ, კონტროლის ობიექურ მონაცემებს დაეყრდონ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას გადაუფრინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მანამდე საქართველოს საჰაერო სივრცე სავარაუდოდ რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.