"თავისუფალი დემოკრატები" მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

"თავისუფალი დემოკრატები" მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, შემოთავაზებული ცვლილებები ხარვეზიანია და რეალურად არაფერს ცვლის.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რაღაც ცვლილებები შესთავაზონ საზოგადოებას, გააფორმონ ისე, როგორც რეფორმა, მაგრამ რეალობაში არც არაფერი არ შეიცვალოს.

შემოტანილი კანონპროექტის მიხედვით, ახალი რეგულაციები, რომელიც არის მოწმეთა დაკითხვასთან მიმართებაში, არის ხარვეზიანი. მისი ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში მხარეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა თანაბარი უფლებები გააჩნდეთ გამოძიების წინასწარ ეტაპზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუნდაც ის ხარვეზიანი მუხლები, რომელიც კანონპროექტს აქვს, ძალაში შედის 2017 წლიდან.

"იქ არის მთელი რიგი მუხლების ჩამონათვალი, სადაც დათქმაა გაკეთებული, რომ ამ მუხლებთან მიმართებაში ეს ყველაფერი ამოქმედდება მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მოტყუება და ამას მხარს ვერ დავუჭერთ", -აღნიშნა ჩიქოვანმა.

მოწმის დაკითხვის ახალი წესის შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებზე პარლამენტი დღეს, პლენარული სხდომაზე იმსჯელებს.