პაატა ზაქარეიშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ

პაატა ზაქარეიშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ

მაქსიმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი შექმნის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, თუ საუბარია ინსტიტუციურ ფორმატზე, ეს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს განსახილველია, თუმცა გერმანიიის ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დიდი ხანია, გააზრებულია და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ჩამოსული ან პოლიტიკოსი ან დელეგაცია, ვისთანაც უკვე არაერთი წელია ამ კუთხით არ ვაყენებდეთ საკითხს. გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე კორექტული და პარტნიორული დამოკიდებულა გააჩნია რუსეთთან, რა თქმა უნდა, დღეს ევროპაში რუსეთთან მიმართებაში სიტუაცია ძალიან რთულადაა, მაგრამ გერმანია მაინც ინარჩუნებს გარკვეულ ურთიერთობებს. ამიტომ საქართველოს საკითხებზე ვთვლით ყოველთვის, რომ გერმანია იყოს მეტად მხარდამჭერი და როგორც ბუნდესტანგის დეპუტატები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში მხარში გვიდგანან. თუ საუბარია რაღაც ინსტიტუციურ ფორმატზე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ჩვენ გერმანიასთან ერთ-ერთი მთავარი თემა გვაქვს სწორედაც რუსეთთან ურთიერთობებში მხარდაჭერა, ეს ახალი არ არის ჩემთვის. პირადად მეც და საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქისმალურად ვცდილობთ, გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ საქართველოს სასიკეთოდ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნას. როგორც ალასანიამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ გერმანია არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს. ალასანიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული იყო მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა ეს არ გაგრძელებულა.