რუსული მხარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რუსთავი 2"-თან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი დისკუსიის დაწყებამდე გააკეთა.
კარასინი უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, პირველ რიგში თინა ხიდაშელის მხრიდან მკაფიო ანტირუსული პოლიტიკის გამო.
"ჩვენ გვაქვს თემების დაყენების მიზეზი. მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულ ერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას - იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს", - განაცხადა კარასინმა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
"რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რომელ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა, გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოზიციას არ შევიცვლით. გეოპოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა გადაიჭრას. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა", - განაცხადა კარასინმა.