სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, შესაძლოა, პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" გაერთიანდეს. პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ამ ინფორმაციას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, თუმცა არც გამორიცხავს და აცხადებს, რომ კირვალიძე მისი მეგობარი და თანამოაზრეა, რომელთან თანამშრომლობასაც პარტია "თავისუფალი დემოკრატები" აუცილებლად გააგრძელებს.
"დათო ჩვენი ძალიან ახლო თანამოაზრეა. "თავისუფალი დემოკრატების" სოფლის მეურნეობის სტრატეგია, რომელიც შემდგომ კოალიცია "ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის სტრატეგიის საფუძველი გახდა, სწორედ დათოსთან ერთად იყო შემუშავებული. ახლა ის დამოუკიდებელი ექსპერტის როლშია, მაგრამ მე, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ. ჩვენ მეგობრები ვართ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ ისეთი ხალხი, როგორიც დათოა, ჩვენს ქვეყანას და სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, კონკრეტულად კირვალიძის პარტიაში წევრობასთან დაკავშირებით სპეკულაციას არ დაიწყებს, თუმცა მასთან თანამშრომლობას აუცილებლად გააგრძელებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან ინტერვიუს სრული ვერსია "ინტერპრესნიუსის" საიტზე ხვალ გამოქვეყნდება.